ბოლო მიმოხილვა

პირველად საქართველოდან, ქართული საკანცელარიო ბრენდი საერთაშორისო საკანცელარიო ფესტივალზე წარსდგა
პირველად საქართველოდან, ქართული საკანცელარიო ბრენდი საერთაშორისო საკანცელარიო ფესტივალზე წარსდგა
02 მარტი, 2016
პირველად საქართველომ მონაწილეობა მიიღო საკანცელარიო და საოფისე პროდუქციის საერთაშორისო ფესტივალზე Paper world 2016. გამოფენას ყოველ წელს გერმანიის ქალაქი ფრანკფურტი მასპინძლობს. ფესტივალი თებერვლის დასაწყისში გაიმართა, სადაც ერთ-ერთი სტენდი "ბიბლუსის" ეროვნულმა ბრენდმა "პონტომ" დაიკავა.

Paper world 2016 დამთვალიერებელს საკანცელარიო მიმართულების უახლეს ტენდენციებს წარუდგენს. გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქციის მიხედვით, საკანცელარიო და საოფისე ნაწარმის მწარმოებლები მთელი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობენ. ყოველწლიურად გამოფენას 50 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს.

123 000 კვ.მ. ფართობზე მდებარე 9 პავილიონში წარმოდგენილი იყო ათასობით კომპანია მთელი მსოფლიოდან. HUGO BOSS-ის, MILAN-ის, CARAN DACHE-ს და სხვა ცნობილ ბრენდებთან ერთად, საერთაშორისო დამთვალიერებლის წინაშე პირველად წარდგა კომპანია საქართველოდან.

"პონტომ" გერმანიის ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა. გერმანიის ონლაინ გამოცემა "კულტურექსპრესმა" წელს ჩატარებულ ფესტივალს ვრცელი სტატია მიუძღვნა. ჟურნალისტმა როფლ მაასმა სტატიას პირველივე გვერდზე "პონტოს" და მისი წარმომადგენლის ფოტო დაურთო. ჟურნალისტის განცხადებით, აღფრთოვანებული დარჩა საქართველოდან ჩასული წარმომადგენლობის მომზადებითა და ხარისხით, რომელსაც "პონტო" და მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მომხმარებლებს სთავაზობენ. განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ეს იყო დებიუტი და საქართველოს სახელით, საკანცელარიო პროდუქცია ამ დონის ფესტივალზე პირველად გამოიფინა.

კომპანია "ბიბლუსის" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ლევან მესხიშვილის ინფორმაციით, "პონტოს" მიმართ ინტერესი დიდი იყო.
"ჩვენი სტენდი ფრანკფურტში მიმდინარე ფესტივალის ერთ-ერთ ცენტრალურ პავილიონში მდებარეობდა. ეს იყო პირველი გასვლა მსგავს ღონისძიებაზე. ისტორიას არ ახსოვს, რომ საქართველოდან რომელიმე კომპანიას ეროვნული ბრენდი გაეტანა. გვქონდა საშუალო სიდიდის სტენდი, სადაც ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი წარმოვადგინეთ. მათ შორის, რვეულები, სახატავი რვეულები, კალმები, ფანქრები, უბის წიგნაკები, პროდუქცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს. "პონტოს" მიზანი ქვეყნისა და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზება, ფართო მასებისთვის გაცნობა იყო. ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა, ნახულობდა პროდუქციას, ვცვლიდით საკონტაქტო ინფორმაციებს, ბევრ კომპანიასთან მიმოწერა დღესაც გვაქვს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი პროდუქცია დღევანდელ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისაა. ალბათ, ბევრს წარმოდგენა არ აქვს, რომ რვეულები, რომელსაც საკანცელარიო მაღაზიაში ყიდულობენ, სწორედ "პონტოს" ბრენდისაა და "ბიბლუსის" შეკვეთით არის დამზადებული. გვაქვს რესურსი, რომ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ", - აღნიშნა ლევან მესხიშვილმა.

"პონტო" "ბიბლუსმა" 2010 წელს ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე შექმნა. პროდუქცია საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის არის გათვლილი. ბრენდი დღეისათვის 150 დასახელების პროდუქციას აწარმოებს, მათ შორის არის: კალმები, ფანქრები, რვეულები, უბის წიგნაკები, სახატავი რვეულები, სახაზავები, პლასტელინები, სამაგრი საშუალებები, ფაილები, ბაინდერები. კომპანიის ნაწარმით მნიშვნელოვნად არის გაჯერებული ადგილობრივი ბაზარი. ეროვნული ბრენდი ექსპორტზე გასვლას გეგმავს.
ელფოსტაბეჭდვა